,,საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია”- მაკა ბოჭორიშვილი
„საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.