საქართველოში რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრის კერები ფიქსირდება 🔥
ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი განსაკუთრებით დაზარალდნენ. ცეცხლი ძირითადად ტყის დაბალ საფარს – ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სტატისტიკის მიხედვით, ხანძრის ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ხანძრის გაჩენა ან გავრცელება, ასევე ტყის დაზიანება ან მოსპობა, გამოიწვევს დაჯარიმებას.
მოქალაქეები ტყეში შესაძლო საფრთხის ან ხანძრის შემთხვევის შესახებ შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს: 153, სადაც მყისიერი რეაგირება ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 24-საათიანი პატრულირება სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.