საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე სამი ოქრო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100), ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ). ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ). საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა შერეულ გუნდურ ტურნირშიც, ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიელებს ანგარიშით 4:3 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი. კონტინენტის პირველობის ფარგლებში შალვა გოგოლაძეს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) დროშა გადაეცა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება. თბილისს ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი ეწვევა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.




