საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ უნივერსიტეტსა და რექტორ აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამიზნედ აქცევენ დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას.
განცხადების მიხედვით, განხილვის საგანია უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისება 2004-2008 წლებში და უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობები. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ამ პროცესში დაინტერესებული მხარე ცდილობს დაფაროს იმ უსამართლობა, რაც ადრე განხორციელდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებით, რექტორი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი უკვე მრავალი წელია ახორციელებენ სამართლებრივ ბრძოლას უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად. დღეს აღნიშნული ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა დაბრუნდეს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის დისკრედიტაციას, განსაკუთრებით ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის პროცესის წარმოჩენით. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ ამ პროცედურაში ადმინისტრაცია არასოდეს ჩარეულა.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი უკვე შერჩეულ ტერიტორიაზე, სოფელ დიღომში, იწყებს თანამედროვე კვლევითი კომპლექსის მშენებლობას, სადაც ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო სამეცნიერო კვლევებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მზად არის სამართლებრივი გზით დაიცვას თავისი სიმართლე, რექტორი დავით გურგენიძე კი მზადაა მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია თავისი და უნივერსიტეტის ქონების შესახებ.