საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას 83 ხმით აირჩია

პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით გიორგი გვარაკიძე აირჩია. თანამდებობაზე გვარაკიძის დანიშვნას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრამდე გვარაკიძეს მოუსმინეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან თავის ხედვებზე ისაუბრა.

“მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება.
ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა დადებითი გავლენა იქონია სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მან ცალკე პრიორიტეტად გამოყო “საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა” და თქვა, რომ გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა.

ასევე განაცხადა, რომ ემხრობა “ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარებას” .

გვარაკიძის თქმით, თბილისის პროკურატურის სისტემაში “თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას”.

გვარაკიძემ ცალკე გამოყო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხი და აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს “ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას”.

“მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება.”

გვარაკიძემ ისაუბრა არასრულწლოვანთა დანაშაულების მიმართ დამოკიდებულებაზეც.

„ვერ გავამკაცრებთ არასრულწლოვანების მიმართ სასჯელებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ბალანსი დავიცვათ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მათთვის მისჯილ სასჯელებს შორის. ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ უფრო მეტი შანსი რესოციალიზაციის, მეტად ჩავრთოთ საზოგადოებრივ საკითხებში“, – თქვა გვარაკიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელშეწყობის უზრუნველყოფას.

გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading