,,საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული”- კახა კალაძე
„ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია, ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
ოფშორული კომპანიები რა შუაშია?! ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. აშანტაჟებდნენ პირადი თანხებით. იცით, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში. მან ეს დავა მოიგო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანხას არ უბრუნებდნენ – აშანტაჟებდნენ, რომ გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი, რომელსაც შემდეგ მისი დასანქცირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა. ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. უკრაინა საქართველოში ვერ განმეორდება და მოხდება. ჩვენ დავიცავთ ხალხს, ქვეყანას და მოვახდენთ მის ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.