საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ექვსი ლიცენზია მოიპოვა
ბოსტონში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი პროგრამის შედეგად 263,03 ქულა დააგროვა, მსოფლიოს პირველობა მეცხრე ადგილზე დაასრულა და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მამაკაცთა კატეგორიაში ორი ლიცენზიაც მოუპოვა.
მოკლე პროგრამაში მან 90.39 ქულა
მიიღო, რაც მეექვსე შედეგი იყო. თავისუფალ პროგრამაში სპორტსმენმა მსაჯებისგან 172,64 ქულა დაიმსახურა და მერვე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ამ ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ოლიმპიადის ექვსი ლიცენზია აქვს მოპოვებული – მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში. ორი ლიცენზია მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, მათ მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. 2026 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებს დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, საქართველომ სპორტულ ცეკვებშიც ორი ლიცენზია მიიღო.
თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლონ ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც მოკლე პროგრამაში 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა. გუბანოვა ოლიმპიური საგზურის მოპოვებას სექტემბერში პეკინში დაგეგმილ ტურნირზე შეეცდება, სადაც ხუთი ლიცენზია გათამაშდება.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს
ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
