საქართველოდან უკანონო მიგრაციის საფუძველზე 18 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ბოლო დღეებში საქართველოდან 18 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული.
მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებული პირები შემდეგ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ:
ირანი, ჩინეთი, რუსეთი, ნიგერია, ეგვიპტე, ბანგლადეში, ბელარუსი, თურქეთი, ინდოეთი, პაკისტანი და უზბეკეთი.
დაწესებული წესების შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტი განაგრძობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ღონისძიებებს. დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი გაძევების უზრუნველყოფა.