საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი პერიოდულად განიხილავს რეკომენდაციებს, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან მიმართებით გაიცემა.
„ჩვენ განვიხილავთ აუდიტის მიერ წარმოდგენილ ყველა ანგარიშს. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ის რეკომენდაციები, რომელიც აუდიტის სამსახურმა გასცა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
სხდომაზე განიხილეს მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, რომელიც 2018-2022 წლებს მოიცავს.
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ზაალიშვილის განცხადებით, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდნენ სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. მომხსენებლის ინფორმაციით, აუდიტი ჩატარდა 4 მიმართულებით: სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, ფინანსური მხარდაჭერა, სპორტული განათლებისა და განვითარების სისტემა და ბავშვებში ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემა. როგორც მან აღინიშნა, ჯამში 8 რეკომენდაცია გაიცა.
სხდომაზე განიხილეს ასევე ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის მიერ გაცემულია 1 რეკომენდაცია, რომელიც ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა წახალისების წესში არსებულ ხარვეზებს ეხება და საჯარო სამსახურის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.