სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარები გვესმის, ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება-გიორგი კახიანი
„სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარები გვესმის, ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება“.
გიორგი კახიანის თქმით, არანაირი სანქციის მოლოდინი არ აქვს.
„სანქციების თაობაზე გაუთავებელი მუქარა გვესმის. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, პრობლემა არ არის. „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენლის პერსონალური დასანქცირება იმის გამო თუ მოხდება, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, პრობლემას არ წარმოადგენს.
მთავარია, ეს მოსახლეობას არ შეეხება. მართალი გითხრათ, არანაირ სანქციას არ ველოდები. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუმცა, სანქციების თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება“, – აღნიშნა კახიანმა.