საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ქართული კულტურის დღეებზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები გამოიფინება
ქართული სამოსისა და სამკაულის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენის მიზნით, სადღესასწაულო ღონისძიებებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ქალის ქართლ-კახური, ხევსურული, სვანური და აჭარული სამოსის, მამაკაცის თავადური ჩოხის, ხევსურული ჩოხის, მეგრულ-აფხაზური ჩოხის, აჭარული სამოსის ნიმუშები, ასევე გაეცნონ სხვადასხვა კუთხის ქართულ ტრადიციულ სამკაულს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები, გულსაბნევები, აფხაზური დიადემა, არქაული ხანის გულსაბნევის მიხედვით შექმნილი აბზინდა და სხვა.
საქართველოს გარშემო საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებისა და დიდი გამოწვევების ფონზე ქართველები ყოველთვის დიდი გარდაქმნებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა თვითმყოფადობას არ კარგავდნენ და უცხოური მოდის აგრესიული ექსპანსიის პირობებშიც ახერხებდნენ ეროვნული სამოსის შენარჩუნებას.
საერთო ეროვნული ჩაცმულობის გვერდით საქართველოს თითოეულ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებლად თვითმყოფადი და კოლორიტული სამოსი ჰქონდა.




