საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა 3 თებერვალს ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივი გაზის ნამწვი აირის (CO–ს) დაგროვების შედეგად 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე
ენერგოომბუდსმენის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საფთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, გამოწვევად რჩება ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ძირითადად, ეს შეეხება ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარებს, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში დაუშვებელია. მათი მონტაჟი დახურულ სივრცეში საფრთხის შემცველია, ვინაიდან იწვევს ინტოქსიკაციას და შემთხვევა შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება ბუნებრივი გაზის დანადგარების თვითნებური დამონტაჟება და ამ მიზნით მხოლოდ სპეციალისტის მომსახურება გამოიყენონ. აგრეთვე ყურადსაღებია, რომ დანადგარის დამონტაჟების შემდეგ მიმართონ მომსახურე კომპანიებს და მოითხოვონ მისი შემოწმება.
ენერგოომბუდსმენის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ბუნებრივი გაზის ქსელისა და დანადგარების გამოყენების წესები, გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, ყოველწლიურად შეამოწმონ ქსელისა და დანადგარების გამართულობა, დაუყოვნებლივ დარეკონ მომსახურე კომპანიის ცხელ ხაზზე – გაზის სუნის, გაზის გაჟონვის, დანადგარების დაზიანების ან სხვა ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის შემთხვევაში.
დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა დაცული იყოს ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ინფორმაციას ენერგოომბუდსმენი ავრცელებს.