საბა ბოლქვაძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა. ძიუდოში საქართველოს სახელით მოასპარეზე საბა ბოლქვაძემ (წონითი კატეგორია -50 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს სძლია და გამარჯვებით დაასრულა მედლისთვის ბრძოლა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 21 ივლისს დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სპორტული ღონისძიება მოიცავს 15 სახეობის ასპარეზობას, რომელშიც 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი მონაწილეობს.
საქართველოდან ტურნირში 36 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში.
საბა ბოლქვაძის გამარჯვება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებული სტარტის დასაწყისია.