რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა

სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ განხილული და მხარდაჭერილი იყო რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

წარმოდგენილი პროექტით, მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით უცვლელია და ტარიფები ამგვარად განისაზღვრა: ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 25.2 ლარი, მეორე ქვეზონა – 24.36 ლარი, შუალედური ზონა – 16,8 ლარი, ხოლო პერიფერიულ ზონაში: პირველი ქვეზონა – 15,96 ლარი, მეორე ქვეზონა – 15,12 ლარი.

დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.

დეპუტატების თანხმობით, მოქალაქეებს მათივე მომართვის საფუძველზე, გაუგრძელდათ ვადა ვალდებულების შესრულებისთვის პირობით გამოცხადებული აუქციონის გზით სარგებლობის უფლებით გაცემულ ქონებაზე, ასევე თანხმობა მიეცათ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ობიექტების მშენებლობების დასრულების გამო, პირობით გამოცხადებულ აუქციონზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, გაფართოვდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, შედეგად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლამდე ასაკის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრისით.

დამტკიცდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმების პროექტები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა და სხვა უფლებამოსილმა პირებმა გააცნეს.

საკრებულოს რიგით 43-ე სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაესწრნენ, რომელთაც მონაწილეობა არ მიიღეს საკითხების განხილვასა და კენჭისყრის პროცედურებში. რაც შეეხება ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“, მისი წევრები სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდნენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading