რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი გაუძღვა
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოს ბიუროს გადაეცა საკითხები, რომელთა მხარდაჭერის შემთხვევაშიც გაფართოვდება ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის ქვეპროგრამა და ასევე ცვლილება შევა ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის საკრებულოს N159 დადგენილებაში.
სხდომაზე საკითხების წარმდგენის, მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის ლაშა ბუსხრიკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის ქვეპროგრამაში ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლამდე ასაკის პირების სოციალურ მხარდაჭერას და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას. ლაშა ბუსხრიკიძის განმარტებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ასაკი განსაზღვრული იყო 18-დან 20 წლამდე, ხოლო წარმოდგენილი რედაქციით, ბენეფიციარების ასაკი გაიზარდა და განისაზღვრა 18-დან 24 წლამდე.
რაც შეეხება, დღის წესრიგით განსაზღვრულ მეორე საკითხს, საკრებულოს N159 დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებას, აღნიშნული ეხება მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამით განსაზღვრულ კარდიოქირურგიის და ანგიოქირურგიული მომსახურების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების პროცედურულ საკითხებს.
სოციალურ საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council




