რუსეთის ფედერაცია უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკზე შეტევას ამზადებს და მის აღებას მეორედ შეეცდება
დაიპყრობს თუ არა რუსეთი კუპიანსკს მეორედ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა რუსეთის გვარდიის პირველი სატანკო არმია მდინარე ოსკოლის დასავლეთ სანაპიროზე გამაგრებას.
„კუპიანსკის ასაღებად მდინარე ოსკოლის გადაკვეთა ქალაქის სამხრეთიდანაც იქნება საჭირო“, – ციტირებს გამოცემა თავდაცვითი სტრატეგიების უკრაინულ ცენტრს.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ რუსები წარმატებას აღწევენ. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ მათ მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და კუპიანსკის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ნოვომლინსკი დაიკავეს. შემდეგ, სავარაუდოდ, რუსული ჯარი ნოვომლინსკსა და კუპიანსკს შორის მდებარე სოფელ დვურეჩნოეში დამატებით სამხედრო ძალას გადაისვრის და გააფართოებს პლაცდარმს.
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ მდინარეზე ხიდების გადება, შესაძლოა, რბოლაში გადაიზარდოს, ვინაიდან, როცა რუსი ინჟინრები პონტონის ხიდების აგებას იწყებენ, უკრაინელები მათ ბომბავენ.
„კუპიანსკთან ძალების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის გათვალისწინებით, პირველი სატანკო არმიის ჩათვლით, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ რუსული ძალები ქალაქზე პირდაპირი შეტევისთვის ემზადებიან. ზრდის ასეთი მასშტაბები მიუთითებს იმაზე, რომ კუპიანსკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის სამხედრო სარდლობისთვის მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანას წარმოადგენს. საერთო ჯამში, ჩვენი გუნდი შეშფოთებულია კუპიანსკში განვითარებული მოვლენებით და ხედავს რეალურ ალბათობას იმისა, რომ ის მომავალში გაუარესდება“, – ციტირებს გამოცემა ანალიტიკურ ჯგუფს Frontelligence Insight.
ცნობისთვის, რუსეთმა კუპიანსკი პირველად 2022 წლის თებერვალში დაიკავა. შვიდი თვის შემდეგ უკრაინულმა ჯარმა ქალაქი დაიბრუნა.
ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.