პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესი შეიცვალა

 სიახლეზე გადაცემაში „ახალი დღე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურა ოშხნელმა და კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორმა, ნინო ქავთარაძემ ისაუბრეს., 2026 წლიდან მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით ჩატარდება.

სპეციალისტების განმარტებით, პროგრამები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და აბიტურიენტებს როგორც განათლების მიღების, ისე სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას აძლევს.

ზურა ოშხნელი ასევე აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ პარალელურად აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული პროგრამები, თუმცა აუცილებელია, რომ უნივერსიტეტისთვის არჩეული მესამე საგანი შეესაბამებოდეს პროფესიული პროგრამის მოთხოვნებს.

ახალი სისტემით, აპლიკანტებს შეუძლიათ ერთდროულად აირჩიონ როგორც უნივერსიტეტი, ისე პროფესიული პროგრამა. ჩარიცხვაზე გავლენას კი შერჩეულ საგანში მიღებული ქულა მოახდენს.

ნინო ქავთარაძის განცხადებით, ახალი სისტემა აპლიკანტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. მისი თქმით, წელს პირველად გახდა შესაძლებელი ერთდროულად როგორც უნივერსიტეტში, ისე პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება, რაც ახალგაზრდებს აძლევს შანსს, განათლების სისტემის მიღმა არ დარჩნენ და უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერა.

მისივე თქმით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისას გადამწყვეტი სწორედ არჩევითი საგნის ქულაა, ხოლო მინიმალური ბარიერი შედარებით დაბალია, რაც ჩარიცხვის შანსებს ზრდის. ქავთარაძე ასევე აღნიშნავს, რომ კოლეჯები მზად არიან აპლიკანტებს გაუწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ, თუმცა გამოცდის საფასური — 10 ლარი — 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading