პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა.
პარალელურად არსებული პრაქტიკით, პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში, პენსია შეჩერდებოდა, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.
ახლა კი, ცვლილების მიხედვით, პენსიის გადახდა შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები პენსიას მიიღებენ შეფერხების და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
ამ გადაწყვეტილებით ყოველთვიურად დაახლოებით 1000 პენსიონერი შეძლებს დამატებითი პროცედურების გარეშე პენსიის მიღებას და აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.