პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების’’ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ პირველი მოსმენით განიხილეს და 84 ხმით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები. ასევე, წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი რეგულაციები, რომ ერთი მხრივ, თავიდან აიცილოს გარე ჩარევები და მეორე მხრივ, რა თანხებიც დაიხარჯება საქართველოში, უზრუნველყოფილი იყოს მისი საჯაროობა.
„კანონპროექტი წარმოადგენს ე.წ. ფარას ზუსტ თარგმანს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მიზანია გამჭვირვალე გახდეს უცხო ძალისგან ჩარიცხული ნებისმიერი თანხა, დაფინანსება და განხორციელებული საქმიანობა. როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და საზოგადოებამ იცოდეს ვის მიერ ჩარიცხული თანხები რა საქმიანობას ხმარდება“, – განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ამერიკული კანონი სრულად არის მორგებული ქართულ რეალობას.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, კანონის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
საქართველოს პარლამენტი
