„ოქსიგენ ფესტი“ და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება – რუსთავი განათლებისა და ახალგაზრდული ენერგიის ცენტრად ყალიბდება
რუსთავში განათლებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის ტრადიცია გრძელდება: ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია და ახალგაზრდული ფესტივალი “ოქსიგენი” გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. წელს ქალაქში 141 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს მედლები, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს ტრადიცია მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გასაზრდელად და ქალაქის, როგორც სტუდენტური და ახალგაზრდული სივრცის განვითარების მხარდასაჭერად. მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, რომ მალე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ახალ ნაბიჯებს გადადგამს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქალაქი ამაყობს თავისი წარმატებული ახალგაზრდებით.
დაჯილდოების ცერემონია მოეწყო ახალგაზრდულ ფესტივალ “ოქსიგენ ფესტთან” ერთად, რომელიც რუსთავში უკვე მეოთხედ ტარდება. ფესტივალის წლევანდელი სლოგანია: „ჩაისუნთქე ისტორია”. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივები და სტუმრები ორ დღეს დაუვიწყარ მუსიკალურ კონცერტებს, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, დასასვენებელ სივრცეებსა და ფიშ-ფესტს ესწრებიან.
მუსიკალური ნაწილის გახსნა ჯგუფ “თუთარჩელას” ერგო, თუმცა უამინდობის გამო ზოგიერთი კონცერტი გადაიდო. ფესტივალის სცენაზე გამოვლენ: “ჯეობიტ ფროდაქშენი”, “ფრანი”, “დესპანი და მალხაზ ხონელიძე”, “ოჩოს ქოხი”, მურო გაგოშიძე და ჯგუფი REGGAEON-ი.
ფესტივალი უსაფრთხოების სრული დაცვით იმართება და მისი მონახულება ვიზიტორებისთვის სრულიად უფასოა.
„ოქსიგენ ფესტი“ და მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია რუსთავის ახალგაზრდულ ცხოვრებას ახალ განზომილებას სძენს და ქალაქს კიდევ უფრო მეტად აყალიბებს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული აქტივობების ცენტრად.





.




