ნინო ლაცაბიძე: „GWP-ის მიერ რუსთავში პროექტების განხორციელების ტემპი საკმარისი არ არის“

რუსთავში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებაზე მიმდინარე პროექტები კვლავ აქტიური განხილვის საგანია. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია GWP-ის მიერ განხორციელებული პროექტების ტემპი არ შეესაბამება ქალაქის საჭიროებებს:

„ის ტემპი, რომლითაც კომპანია GWP რუსთავში პროექტებს ახორციელებს, არ არის საკმარისი. საჭიროა დაჩქარება, რათა ქალაქში არსებული პრობლემები დროულად გადაიჭრას“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი. ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომპანიის ხელმძღვანელობა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც უკვე განხორციელებული, ისე მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის სრულყოფას.

აღსანიშნავია, რომ GWP-მ 2022 წელს წარადგინა საინვესტიციო გეგმა, რომლის მიხედვითაც, რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. პროექტის ინიცირება რუსთავის მერიის მოთხოვნით მოხდა და დღეს სახელმწიფო აქტიურად აკონტროლებს მის შესრულებას.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული მონიტორინგში, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პოზიტიურად ფასდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading