მწერალთა სახლში, „შეხვედრები მუზა 2024-ის ლაურეატებთან“ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებული მაკა ჯოხაძის წიგნის „ისკარიოტის ეკლები“ წარდგენა
ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ „მუზა 2024“-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე და მწერალი ბაჩო კვირტია.
გიორგი ლობჟანიძემ ვრცლად ისაუბრა თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების − რომანის შესახებ, მისი განვითარებისა და თარგმანის მნიშვნელობაზე.
საკუთარ ნაწარმოებზე დაწვრილებით იმსჯელა რომანის ავტორმა − მაკა ჯოხაძემ. მწერალმა აუდიტორიას გაუზიარა თავისი ემოციები წიგნის წერის პროცესში არსებულ ამოცანებსა და სირთულეებზე, არჩეული თემის განსაკუთრებულობაზე და მიმზიდველობაზე.
მაკა ჯოხაძის რომანის შესახებ საღამოზე ისაუბრეს პროფესორმა, ლიტერატურათმცოდნე იოსებ ჭუმბურიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა კვაჭანტირაძემ, ლიტერატურათმცოდნემ, ფილოლოგმა და პედაგოგმა ლია კუხიანიძემ და შეხვედრის სხვა სტუმრებმა.
მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia




