მცხეთაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
დაკავებულნი არიან წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ 1956 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
სწრაფი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.