მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დავსწრებოდი და პირადად მიმელოცა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს უმშვენიერესი სახალხო დღესასწაული-მიხეილ ყაველაშვილი
,,ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა ასეთი მრავალფეროვანია და სავსეა სხვადასხვა ტიპის ტრადიციებით. ჩვენ საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ და ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ განსხვავებული კულტურული ღირებულებები. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულიც სწორედ საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის ნაწილია, რაც წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას.
დღევანდელი დღე განახლებისა და მომავლის რწმენის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს ყველას, ვინც ამ დღეს ზეიმობთ – გისურვებთ, ყოველთვის გეპოვოთ საკუთარ თავში ახლის შეცნობისა და განვითარების ძალა, ისევე როგორც ნათელი მომავლის იმედი. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ – ძლიერი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი შემართებითა და ერთიანობით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ჰქვია.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისთრაცია ავრცელებს.




