,,მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის, სრულად განახლდება რუსთაველის გამზირი“-კახა კალაძე

ყველა მსხვილი პროექტის განხორციელებისას, პირველ რიგში, სრულად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირი მთლიანად შეიცვლება, მოწესრიგდება როგორც გზის საფარი, ისე ისტორიული შენობა-ნაგებობები.

გამზირი რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, პროექტი იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვგეგმავთ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ამ ძეგლების რეაბილიტაცია, რაც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება, რადგან გვინდა რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ფასადების, არამედ მთლიანად შენობების გამაგრება და მოწესრიგება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ვაკის რაიონში კიდევ ორი, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩები მოწესრიგდება, სადაც ფუნდამენტური სამუშაოები ჩატარდება. პროექტი ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება სამგორის რაიონში ორი მიმდინარე პროექტი – გახოკიძისა და ემირ ბურჯანაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ასევე, საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება.

მერმა გამოყო ასევე გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გზა ფართოვდება და სავალი ნაწილის კაპიტალური სამუშაოები ხორციელდება.

აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების მიმდინარე სამუშაოები, რის შემდეგაც გადაადგილება ამ მიმართულებით უსაფრთხო გახდება.

წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დასრულდება. ეს გახლავთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. სამუშაოები ინტენსიურ ფაზაშია და აპრილის ბოლომდე დასრულდება,ეს პროექტი საავტომობილო ნაკადების გადამისამართებას და კვანძების განტვირთვას გახდის შესაძლებელს.“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading