მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ — შსს-მ 34 პირი დააკავა
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მათი უმეტესობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციაშია მხილებული, ნაწილი კი — დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში. შს მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დაკავებული მსხვილი ნარკორეალიზატორია.
„დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში — ისინი ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითა და მეთოდით, მათ შორის ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ. ნარკოტიკების გასაღება, სავარაუდოდ, იგეგმებოდა ქვეყნის სხვადასხვა ღამის კლუბში და გასართობ ობიექტებში“, — აღნიშნა გელაძემ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა;
- ნარკოტიკული საშუალებების დაფასოების მასალები;
- სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა;
- არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.
გეკა გელაძის თქმით – სამართალდამცველებმა ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არაერთი საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს, რაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
აღნიშნული დანაშაულები, დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანია ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება ქვეყანაში და შევქმნათ ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის“, — აღნიშნა მინისტრმა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს დაუღალავი სამსახურისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კომპლექსურ და უკომპრომისო პოლიტიკას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
