მარნეულის შემოვლით გზაზე მდინარე ალგეთზე ახალი საავტომობილო ხიდი შენდება
მარნეულის შემოვლითი გზის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მდინარე ალგეთზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან — რიჩარდ გიგანთან და ვასილ ხახულაშვილთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი 3 კილომეტრი სიგრძის შემოვლითი გზის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 3 409 000 ლარია. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე სატრანსპორტო დატვირთვა შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას.