მარნეულის მუნიციპალიტეტმა არქეოლოგიურ ძეგლ გადაჭრილ გორაზე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმს უმასპინძლა.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის სექტორის, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის მიზანი ქვემო ქართლის მეღვინეობის პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონული იდენტობის გაძლიერება, ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

„ქვემო ქართლს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება. ჩვენი ისტორიული ძეგლები, მრავალფეროვანი ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა, ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნება, ტრადიციული მეურნეობა, ღვინო და სტუმართმოყვარეობა ქმნის შესაძლებლობას, რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა ილია ჯალაღანიამ.

გადაჭრილი გორა, რომელიც ღვინისა და ხორბლის 8 000-წლიან ისტორიას უკავშირდება, ღონისძიების ადგილად სიმბოლურად შეირჩა. ფორუმის მიზანი ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირება და კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან რესურსად ქცევა იყო.

ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქცია და გამოცდილება წარადგინეს. ასევე წარმოდგენილი იყო ქვემო ქართლისთვის შემუშავებული მევენახეობა-მეღვინეობის ახალი სასწავლო კურსი, რომელიც სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მხარდაჭერით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »