„მარნეულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია თითოეული ჩვენგანის წარმატების საფუძველია“- მარნეულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ამირან გიორგაძე

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ მუნიციპალიტეტის 8 000-წლიანი ისტორიის, ღვინის უძველესი ტრადიციისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული სიამაყით მინდა ვისაუბრო ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტზე – მარნეულზე, რომელიც თავისი 8 000-წლიანი ისტორიით ღვინის უძველესი სამშობლოა.
აღნიშნული უნიკალური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ეს არ არის მხოლოდ არქეოლოგიური ფაქტი – ეს არის ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სიამაყე!
ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მემკვიდრეობას და ეს საგანძური სათანადოდ წარმოვაჩინოთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს ამ ტერიტორიაზე მუზეუმის მოწყობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობისა და ეკონომიკის განვითარებისკენ.

მსგავსი პროექტები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არ ემსახურება. ისინი ქმნის ახალ შესაძლებლობებს, იზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც, თავის მხრივ, აისახება როგორც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისე მუნიციპალიტეტის წინსვლაზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მარნეულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ვაქციოთ როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე მუნიციპალიტეტის წარმატების საფუძვლად“, – განაცხადა ამირან გიორგაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმს ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის მერი დაურ ისმალიოვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეღვინეები და ადგილობრივი მწარმოებლები.

ღონისძიების მიზანი ქვემო ქართლის მეღვინეობის ტრადიციის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და მათი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირება იყო.