კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშების შესახებ იმსჯელეს.
ანგარიშები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა გააცნო დეპუტატებს. მან ისაუბრა როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე საქმეებზე.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა ჯამში 18 საქმე: 13 გადაწყვეტილება და 5 განჩინება. საანგარიშო პერიოდში აღსრულდა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი 2 განჩინება, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მომჩივანთათვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებასა და აღმოფხვრაზე, ასევე, კომპლექსური ხასიათის ზოგად ღონისძიებებზე, რომელთა მიზანია მსგავსი დარღვევების პრევენცია.
ბექა ძამაშვილმა დეპუტატებს ასევე გააცნო მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ასეთი ჯამში 85 საქმეა.
„ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
მისი შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას.
„ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ეფექტიანად აღსრულების კუთხით“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.