კახორობა – რწმენის, ტრადიციისა და თაობათა კავშირის დღესასწაული
ყოველი წლის 28 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალს განსაკუთრებული ხიბლი ეუფლება — აქ, კახორის წმინდა გიორგის სალოცავზე, კახორობა აღინიშნება.
ამ დღესასწაულზე ფარცხნალს ასობით მორწმუნე სტუმრობს: ზოგი ფეხით მოდის, ზოგი მანქანით მიუყვება მთისკენ მიმავალ გზას. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს — წმინდა ადგილას ლოცვით მივიდნენ და მადლმოსილი კახორის მთაზე წმინდა გიორგის შეწევნა ითხოვონ.
მორწმუნეთა თქმით, აქ ბევრი სასწაული მომხდარა და სალოცავისკენ მისულებს მრავალჯერ უგრძნიათ წმინდა გიორგის სწრაფი შეწევნა.
ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეს ორი კახელი შეურჩევია წმინდა ქვების გადასატანად. ფარცხნალამდე მიუღწევიათ, მაგრამ იქ დაღუპულან. ადგილს მათ პატივსაცემად „კახორი“ უწოდეს — რაც ნიშნავს „კახელი ორის“ ადგილს.
მთაზე მოგვიანებით აუგიათ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი. ადგილობრივების თქმით, სალოცავი „ჯაჭვით აუშენებიათ“, ანუ სამშენებლო ქვა ხელიდან ხელში მიუწოდებიათ მთის წვერამდე.
სამწუხაროდ, 1930-იან წლებში ტაძარი საბჭოთა რეჟიმმა ააფეთქა და მხოლოდ ნანგრევები დარჩა. აღდგენა 2008 წელს დაიწყო და სალოცავს უკვე ისევ ევლინებიან მლოცველები.

კახორობა დღესაც რწმენის, მადლიერების და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა. ვისაც კი აქ ფეხი დაუდგამს, გულით გრძნობს — ეს მართლაც გამორჩეული ადგილია.

