კალანდობა

საქართველოში ახალი წლის დადგომას 14 იანვარს „ძველი სტილითაც“ ზეიმობენ. ზოგიერთ კუთხეში კი, ამ დღეს განსაკუთრებული სამზადისია. მაგალითად გურიაში, ახალი წელი სწორედ 14 იანვარს დგება და მათთვის კალანდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

გურულები ახალ წელს, იგივე  კალანდას,  როგორც მას ისინი ეძახიან,  აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს და სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.

კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია. ხალხური ტრადიციით, გურულები ჩიჩილაკს წმინდა ბასილის პატივსაცემად რთავენ. რადგანაც ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი “ბასილის პურს”უწოდებდნენ.

ჩიჩილაკს ხშირად ქართულ ნაძვის ხესაც უწოდებენ. ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ მერე კანს აცლიან, თლიან, შემდეგ მას თავზე ჯვარს უკეთებენ და , კურკანტელით, ხილითა და ტკბილეულით აფორმებენ, ქვემოთ კი სუროს უფენენ. ჩიჩილაკისთვის სუროს დაფენის ტრადიცია ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. სურო ოლიმპოს ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რომ მტრების ცეცხლში დაწვას გადაერჩინა. სწორედ ამიტომ გურულებს სჯერათ, რომ ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებს ოჯახს.

პირველი ჩიჩილაკი გურიაში, სოფელ ბასილეთში დამზადდა.

გურიაში განსხვავებული სახელი აქვს მეკვლესაც და მფერხავს უწოდებენ. მფერხავს მასპინძელი ახალი წლის ღამეს ეზოში ხვდება, ალილოს ერთად მღერიან და ერთმანეთს კალანდობას ულოცავენ.

მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა.

ახალუხში, გალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი“ სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით, ადესა-ღვინო; ხეჭეჭური-მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; ჯანჯუხა (ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა.

ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გრძელდებოდა:

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან – 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი კალანდა…

ვიდრე კალანდას ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading