იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.
კანონპროექტით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
ცვლილების თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ემატება ისეთი ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ახალი ნორმა. ამ ნორმის თანახმად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს.
კანონპროექტით, სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული პირის გარდა, ასევე დამატებით განისაზღვრა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.