თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი გახსნა, რომელიც ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით; ასევე გაიმართა სხვადასხვა სახის ლიტერატურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელთა მიზანია სამეცნიერო-აკადემიური და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია.
„საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით დაარსდა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილია ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული 500-მდე წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები. ჩვენს პროფესორებს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები და კვლევითი ნაშრომები აქვთ გამოცემული. თსუ საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ახალი პროექტით, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების შექმნას, კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს ახალი წიგნების მომზადება-გამოცემას“,- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
პოეზიის საღამოზე სტუდენტებმა წაიკითხეს თსუ ლიტერატურულ ალმანახში „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული სხვადასხვა თაობის ლექსები; თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს რარიტეტული წიგნების აღდგენის ვორქშოფი – ინტერაქციული შეხვედრა წიგნის გაცოცხლების თემაზე.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები.




