თეთრიწყაროში რეაბილიტირებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა რეაბილიტირებული თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ოფიციალურად გახსნეს.
მუზეუმის განახლება სიმბოლურად დაემთხვა დაარსების 60 წლის იუბილეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში:
- განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა
- მოეწყო თანამედროვე საგამოფენო სივრცეები, ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი
- დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1965-1966 წლებში დაარსდა და მასში დაცულია უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური კოლექციები. რეაბილიტაციის შედეგად მუზეუმი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.
მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, წარმოჩენს თეთრიწყაროს ისტორიულ მემკვიდრეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.