თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში 208ნერგი დაირგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაწყებული
გარემოსდაცვითი პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამწვანების აქცია გაიმართა. პროგრამის
ფარგლებში, ჯამში 208 ნერგი დაირგო ქალაქ თეთრიწყაროს №2, სოფელ კოდისა და დაბა
მანგლისის საჯარო სკოლების ტერიტორიებზე.
ნერგების დარგვის პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ლია
ზურებიანი და რამაზ გულბანი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შალვა
მეგულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ზურაბ
აზარიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები
შეუერთდნენ.
პროგრამა პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში
ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელია ჩართული. პროგრამის
განხორციელებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; თბილისის
მერია; სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტები.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის კულტურის
ჩამოყალიბებას, მწვანე სივრცეების ზრდის ხელშეწყობასა და ბიომრავალფეროვნების
დაცვას.