თბილისში ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს – ჯაკო ჩარკვიანის ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ავტომატური იარაღი, გლუვლულიანი თოფი და 110 ვაზნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავეს: 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
გუშინ, 2 ნოემბერს, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მანანა გიორგობიანმა, რომელიც ნაცნობს, ჯ.ჩ.-ს დაუკავშირდა. ჯგუფმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი გარე ტერიტორიაზე გაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა.
გამოძიების შედეგად, დაკავებულ ჯ.ჩ.-ს ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა: 2 ავტომატური იარაღი, გლუვლულიანი თოფი და 110 ვაზნა.
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანარჩენი მონაწილეების დასადგენად.