თბილისში ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი – 2004 წელს დაბადებული დ.თ. და 2004 წელს დაბადებული ნ.ფ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება ნ.ფ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126¹ მუხლებით, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.