თბილისის აეროპორტში 430,000 ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს გატანის ორი შემთხვევა აღკვეთეს.
გათვალისწინებული უსაფრთხოების კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამგზავრო ჩანთებში აღმოჩნდა 1 კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები.
არადეკლარირებული ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
