ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.
ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ოფიციალურად წარუდგინა. მინისტრმა ახალ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ზვიად გაბისონია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელმაც კარიერა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში განავითარა. სხვადასხვა პერიოდში იგი იკავებდა პასუხისმგებლიან პოზიციებს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციაში: იყო სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების ექსპერტი, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად გაბისონია აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიების სამართლისა და ციფრული მმართველობის საკითხებზე. მას ეკუთვნის 7 წიგნი და 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც ეძღვნება ისეთ თანამედროვე და გამოწვევებით სავსე მიმართულებებს, როგორიცაა საერთაშორისო კერძო სამართალი, ინტერნეტ სამართალი, ტექნოლოგიების სამართალი და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგი მზად არის საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოახმაროს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებასა და ინოვაციური მიმართულებების გაძლიერებას.



