ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურები დროულად დაასრულონ და სარეგისტრაციო საფასური 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა.
რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდამდე აპლიკანტებს შეუძლიათ შეცვალონ საგნები, საგამოცდო ქალაქი და სასურველი პროგრამები.
ცენტრი განმარტავს, რომ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადების მიღება აღარ გაგრძელდება.