ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდებულ ინფორმაციას დარბაზის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რაც თითქოს სამთო-მოპოვებითი ხასიათისაა.
გაცნობებთ, რომ დარბაზის ხეობის ტერიტორაზე შპს ,, კავკასიის სამთო ჯგუფი“ ახორციელებს გეოლოგიურ ძებნა-ძიებით სამუშაოებს, რომელთა მიზანია ტერიტორიის გეოლოგიური და გეოფიზიკური შესწავლა.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 6 მაისს სამუშაოების ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც გადაამოწმეს კოორდინატები, კომპანიისგან მიიღეს დამატებითი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან მიიღო აღნიშნულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, ზამურ ჭითანავას, დავალებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მხოლოდ ძებნა-ძიებითი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს თხრილებისა და ჭაბურღილების მოწყობას, მოპოვებული ნიმუშების შემდგომი ლაბორატორიული შესწავლის მიზნით. უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები არ იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს დაუსახლებელ ადგილას, სოფლიდან დაახლოებით 2 კმ-ის მოშორებით, შესაბამისად, ბურღვითი სამუშაოების ხმაურით მოსახლეობის შეწუხების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხის მონიტორინგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად განახორციელებს.