ელდარ შენგელაიას მოგონებები სესილია თაყაიშვილზე
,,ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.
– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და…
– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.
ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:
– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, – მომახალა.
ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:
– ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.
იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ – საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, – მითხრა.
– დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს – ვუთხარი.
– მეც მაქანავებს – შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, დავითანხმე:
– კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა”.
ელდარ შენგელაია