ეკოტურიზმის ახალი ეტაპი ბირთვისის კანიონზე — ინფრასტრუქტურული განვითარება გრძელდება

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ბუნების დაცვასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებასაც ემსახურება.

ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემაში. ის მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და კომფორტული ტურისტული გამოცდილების შექმნას. პროექტი გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებზე და ითვალისწინებს მინიმალურ ჩარევას ბუნებრივ ლანდშაფტში, რითიც დაცულია ბირთვისის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ეკოლოგიური ღირებულება.

„დაცული ტერიტორიების შექმნა და გაფართოება ჩვენი გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მტკიცე გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის სწორად განვითარება, რაც ერთდროულად ემსახურება როგორც ბუნების დაცვას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გააქტიურებას,“ — განაცხადა მინისტრმა.

პროექტის ფარგლებში კანიონის ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმები, სამი დაკიდებული ხიდი, საქანელა, კოტეჯები და ზიპლაინი. განსაკუთრებული სიახლე იქნება ვია ფერატა — სპეციალურად მოწყობილი კლდოვანი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი და ბირთვისის კანიონს უნიკალურ ტურისტულ დანიშნულებად აქცევს.


ბირთვისის ეკოტურისტული განვითარების პროექტი სახელმწიფოს გამიზნული ნაბიჯია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და რეგიონული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. ეკოტურიზმის განვითარება, უსაფრთხო გარემო და მდგრადი ინფრასტრუქტურა ბირთვისს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე კონკურენტუნარიან ადგილად აქცევს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading