ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ევროპის ერთ-ერთ გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ბერლინში მიმდინარეობს
GITEX EUROPE-ზე წარმოდგენილები არიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, ინვესტორები და სამთავრობო ორგანიზაციები, რაც ქართულ მხარეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მოიზიდოს ინვესტიციები და საერთაშორისო მასშტაბით წარადგინოს საქართველო, როგორც სტარტაპ მეგობრული გარემო.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიებისა და აგრიტექის მიმართულებით, აგრეთვე სტარტაპების მხარდაჭერასა და ციფრული ტრანსფორმაციის, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე.
„ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. აღნიშნული პოლიტიკის ნაწილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის გლობალური პოზიციონირება,“ – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას, ფართოდ დანერგოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის.
„დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ – დღეს ჩვენ გვყავს გლობალურ ბაზარზე მოღვაწე მრავალი კონკურენტუნარიანი სტარტაპი, გაფორმდა პირველი წარმატებული საერთაშორისო გარიგებები, სტარტაპების მიერ ჯამურად მოზიდულმა ინვესტიციებმა და შემოსავლებმა 13-ჯერ გადააჭარბა სახელმწიფოს მიერ მათში განხორციელებულ ინვესტიციას,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა GITEX-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ თრიქსი ლომირმანდთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მასშტაბურად და საინტერესოდ წარმოჩენის მიზნით.
საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე შეხვედრა გამართა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინოვაციების ლაბორატორიის Lab UNIDO – ს ხელმძღვანელთან ადნან სერიკთან საქართველოში მათი პროგრამის პოტენციურ განვითარებაზე, დანერგვასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე ვლადიმირ რადოვანოვიჩს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ინოვაციების მიმართულებით გამოცდილებების გაზიარების კუთხით. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ვუსალ ხალილოვთან, მასზე მხარეებმა საბანკო და ფინტეკ მიმართულების რეგულაციებსა და ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე ისაუბრეს.




