დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და, პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
მთავრობის მეთაურის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება.
„რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი. ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ახალი პროექტიც ემსახურება ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს დედაქალაქში გადაადგილება. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ის არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და, პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან ერთად, ახლად გახსნილი გვირაბი დაათვალიერა და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.




