დმანისის სიონში, VI საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, დასუფთავების აქცია გაიმართა

ინიციატივა „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ეკუთვნის და მისი ფარგლებში ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული ნაგებობების შემორჩენილი ნაწილები ხე-მცენარეებისგან სრულად გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობასა და ისტორიული გარემოს შენარჩუნებას.
აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სერვის ჯგუფის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოხალისეები. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ინიციატივების მიმართ მოსახლეობის ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“, კომპანია RMG-ს, მოხალისეებსა და ყველა მონაწილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.