დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე – მოხდა ახალი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა
ეს ტერიტორია ცნობილია ადრეული ჰომინინების აღმოჩენებით და მდებარეობს დმანისის არქეოლოგიური ძეგლიდან რამდენიმე კილომეტრში. ოროზმანი ბოლო წლებში აქტიურად იკვლევა და 2022 წელს სწორედ აქ აღმოაჩინეს ადამიანის კბილიც.
ახლა კი, იმავე ფენაში, რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება, ადრეული ადამიანის ქვედა ყბაა აღმოჩენილი – სავარაუდოდ, Homo erectus-ის.
ოროზმანი კიდევ ერთხელ მტკიცდება როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ადრეული ადამიანის ისტორიისა და მიგრაციების შესასწავლად, რაც საქართველოს არქეოლოგიას მსოფლიო მნიშვნელობას სძენს.

გათხრების ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანი აღმოჩენა სავარაუდოდ ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის. სამუშაოებს არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი ხელმძღვანელობს, გათხრები კი 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ოროზმანის არქეოლოგიურ ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან.
