დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კულტურის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებლის, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის ნუგზარ ანთელავას თქმით, ცენტრს მიმდინარე წლის 16 თებერვალს 13 წელი შეუსრულდა. მისივე ინფორმაციით, ცენტრი სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ კვლევებში ძირითადი ადგილი ეთმობა ჩერქეზი ხალხის ეთნოკულტურის, ენების, ისტორიის მეცნიერულ შესწავლასა და პროპაგანდას საერთაშორისო მასშტაბით. ორგანიზაციის ინტერესთა სფეროს ჩერქეზებთან ერთად წარმოადგენს ყველა სხვა კავკასიელი ხალხი: – აბაზები, ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ოსები და მათ შორის აფხაზები.
მისი თქმით, ჩერქეზული კულტურის ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 7-მილიონიანი ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ცენტრი ყოველწლიურად აღნიშნავს ჩერქეზთა და სხვა კავკასიელ ხალხთა ნაციონალური მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს და ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას.
ნუგზარ ანთელავამ ცენტრის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლებში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამი მონოგრაფია.
ჩატარდა როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები. აღინიშნა ჩერქეზული ენისა და კულტურის, ჩერქეზული დროშისა და ჩერქეზთა გენოციდის დღე.
„2025 წლისთვის ვგეგმავთ შემდეგ აქტივობებს: უკვე შეიქმნა და გამოსაცემად მომზადდება დიდ მოცულობის წიგნი „ჩერქეზული ბიბლიოგრაფია“, სადაც თავმოყრილია ჩერქეზებზე არსებული ყველა ლიტერატურა. აგრეთვე, გამოსაცემად უნდა მომზადდეს დასრულებული მონოგრაფია-ალბომი – „ჩერქეზები და ჩერქეზეთი დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებაში“. დავიწყეთ მუშაობა მონოგრაფიაზე „მამაკაცური და ქალური სუბკულტურები კავკასიაში“. ვაპირებთ მოვაწყოთ ჩერქეზი მხატვრების გამოფენა. ვგეგმავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატაროთ ახალგაზრდა კავკასიოლოგთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „კავკასიის ხალხების ეთნოგენეზის პრობლემები“, – განაცხადა ნუგზარ ანთელავამ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.