დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგინულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით – “მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში” მასპინძლობს
“წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაა “მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში”, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას – შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში.”- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.